ამ კვლევის ჩატარების ვადები დამოკიდებულია კონკრეტული პაციენტის მენსტრუაციული ციკლის ხანგრძლივობაზე. მოკლე (20 -22 - დღიანი) ციკლის შემთხვევაში დაკვირვება ხორციელდება ციკლის მეშვიდე - მერვე დღიდან, ხოლო ნორმალური (30 - 31 დღიანი) ციკლის შემთხვევაში დაკვირვება საჭიროა მეთერთმეტე - მეთორმეტე დღიდან. დომინანტ ფოლიკულზე დაკვირვების ხანგრძლივობა დამოკიდებულია კონკრეტულ პაციენტზე და გრძელდება საშუალოდ 5 - 10 დღე, ანუ იქამდე, სანამ არ გასკდება ფოლიკული, რათა დაფიქსირდეს ფოლიკულის ზომა და ენდომეტრიუმის სისქე უშუალოდ გასკდომამდე. ამავდროულად ფიქსირდება გასკდომის დრო (ციკლის მერამდენე დღეს გასკდა). დისმენორეას შემთხვევაში ფოლიკულზე დაკვირვების ვადები და სქემა დგინდება რეპროდუქტოლოგის მიერ ინდივიდუალურად.
დაკვირვების პირველ დღეს ხდება შიდა სასქესო ორგანოების საერთო შეფასება: საშვილოსნოს ზომები და ექოსტრუქტურა, საშვილოსნოს სხეულის გადახრის არსებობა და მისი ხარისხი, საშვილოსნოს ყელის და სხეულის სიგრძეების შეფარდება, საკვერცხეების ზომები და ექოსტრუქტურა, ფალოპის მილების დილატაციის არსებობა. დაკვირვების შემდგომ დღეებში დასკვნაში ფიქსირდება მხოლოდ ფოლიკულის ზომა და ენდომეტრიუმის სისქე.
ხშირად პაციენტმა, რომელიც წლობის განმავლობაში ებრძვის თავის სენს და რომელსაც მოვლილი აქვს მრავალი რეპროდუქტოლოგიური ცენტრი, არ იცის დანამდვილებით რა არის დომინანტი ფოლიკული და რისთვის ხდება მასზე დაკვირვება. საკვერცხეებში არის რამდენიმე ათეული ათასი პირველადი უმწიფრო კვერცხუჯრედი. ყოველთვიურად ერთ - ერთ საკვერცხეში (ძალიან იშვიათად ორივეში) ხდება რამდენიმე ათეული პატარა ბუშტუკის (ფოლიკულის) ზრდა. ამ ბუშტუკებიდან მხოლოდ ერთი (იშვიათად ორი, სამი ან ოთხი) იზრდება 18 - 30 მმ - ე და სკდება. ასეთ ბუშტუკს დომინანტი ფოლიკული ჰქვია და მასში ხდება იმ პირველადი კვერცხუჯრედის მომწიფება, რათა მოხდეს შემდგომ მისი განაყოფიერება. დანარჩენი ბუშტუკები (ფოლიკულები) იზრდებიან 6 - 10 მმ - დე და განიცდიან უკუგანვითარებას. სიტყვა დომინანტი ნიშნავს უპირატესს, ანუ მთავარს. ზუსტად ამ ბუშტუკის ზრდისა და შემდგომ გასკდომის (ოვულაციის) პროცესს აკვირდება ექოსკოპისტი. ბუშტუკის გასკდომა მიმდინარეობს კვერცხუჯრედის გამოსროლით და მილის ფოჩებიან ძაბრში ჩავარდნით, სადაც მას უკვე მოუთმენლად უნდა ელოდებოდეს რამდენიმე მილიონი გაშმაგებული სპერმატოზოიდი. ვინაიდან, როგორც უკვე ავღნიშნეთ, დომინანტ ფოლიკულში ხდება კვერცხუჯრედის მომწიფება, არ არის ძნელი მისახვედრი, რომ ფოლიკულის ზომა პირდაპირპროპორციულია კვერცხუჯრედის სიმწიფესთან. გასკდომის წინ დომინანტი ფოლიკულის ზომა არ უნდა იყოს 18 მმ - ზე ნაკლები, რათა იგი არ იყოს უმწიფრო, და 35 მმ - ზე მეტი, რათა იგი არ იყოს გადამწიფებული. როგორც უმწიფრო, აგრეთვე გადამწიფებული კვერცხუჯრედი გამოუდეგია განაყოფიერებისთვის და შემდგომი გამრავლებისთვის. რაც შეეხება ენდომეტრიუმს (საშვილოსნოს ლორწოვან შრეს), მისი სისქე აგრეთვე დამოკიდებულია ფოლიკულის ზომაზე, მაგრამ ზოგჯერ ჩამორჩება მის შეფარდებით ეკვივალენტს. ოვულაციამდე 1 დღით ადრე ედომეტრიუმის სისქე აღწევს მაქსიმუმს (ნორმაა 10 - დან - 19 მმ - დე) და ციკლის ბოლომდე არ იცვლება. ყოველთვიურად, ოვულაციაში მონაწილეობენ, უმეტეს შემთხვევაში, რიგრიგობით ხან მარცხენა, ხან მარჯვენა საკვერცხე. თუ განაყოფიერება არ მოხდა, კვერცხუჯრედი გამოდის გარეთ მენსტრუალურ გამონადენთან ერთად. რეპროდუქტოლოგები ხშირად ხუმრობით ამბობენ, რომ მენსტრუაცია არის საშვილოსნოს ტირილი მასზედ, რომ არ შედგა ორსულობა.
|